80 ათასი ლარი იურიდიულ კომპანიას ერთჯერადი მომსახურებისთვის - ოპოზიცია იმ დოკუმენტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც სარეზერვო ფონდიდან თანხა თბილისის მერიამ "სითი პარკთან" მხოლოდ სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის გადაიხადა. რატომ უნდა სჭირდებოდეს დედაქალაქის მერიას ელემენტარული იურიდიული მომსახურებისთვის დამატებითი ხარჯების გაღება და რატომ ვერ ასრულებენ ამ სამუშაოს მერიაში მომუშავე იურისტები? იურიდიულ კომპანიაში "ემ ჯი" ხელშეკრულებას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროცესი დასრულებული არ არის და თანხაც მათთვის ჯერ არ გადაურიცხავთ.
"კალაძემ ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტს კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი და კიდევ ერთხელ აღიარებს იმას, რომ კომპეტენტური იურისტები არ ჰყავს დედაქალაქის მთავრობაში დაქირავებული და ამიტომ სჭირდება სხვა კომპანიის დაქირავება,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.