19 ნოემბერი 2024,   07:35
ვრცლად
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ცოტნე ებრალიძემ დაიკავა

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელად ცოტნე ებრალიძე დაინიშნა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.

ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის და ამავდროულად 2013 წლიდან საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა.

ფონდის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა კი დღეიდან ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ "კურიერი" რამდენიმე საათის წინ ესაუბრა თანაინვესტირების ფონდის უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს. ბაჩიაშვილი უარყოფდა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა. „ჯერ არ გადავმდგარვარ,“ - ასე უპასუხა მან „კურიერის“ შეკითხვას იმის შესახებ, დატოვა თუ არა ფონდის მმართველმა თანამდებობა. ბაჩიაშვილმა დაადასტურა, რომ ფონდში გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომლის შესახებაც მისი თქმით, საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობდა.

„რაღაც ცვლილებებს ვაპირებთ, ვმუშაობთ უკვე ერთი ოთხი თვეა ამ ცვლილებებზე და ახლო მომავალში შევატყობინებთ საზოგადოებას. ვაგრძელებ საქმიანობას, ნამდვილად არსად არ გავრბივარ,“-განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცოტნე ებრალიძე ტურიზმის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, რომელიც სამშენებლო კომპანია "ჯითიდიეფ სოლუშენი" 100%-იანი წილის მფლობელია. სწორედ ეს კომპანია აწარმოებს ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისის" სამშენებლო სამუშაოებს. კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე "ქართუ ბანკის" მისამართზეა რეგისტრირებული.
"ჯითიდიეფ სოლუშენი" და მისი მფლობელი "ტურიზმის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელები "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველები არიან. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია 60 ათასი ლარით დააფინანსა.

 

დღის ამბები