„რამდენჯერმე დაგვემუქრა ქალბატონი ეკა და ამასობაში რამდენიმე თანამდებობის დატოვება მოუწია მას“- ასე პასუხობს იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძე. დღევანდელი ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტზე მსჯელობა დაიწყოს. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ირაკლი კობახიძის პასუხი.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეკა ბესელია რთულ მდგომარეობაშია და ამას ხშირად ავლენს ხოლმე. მისივე თქმით ეკა ბესელიას სანქციები უკვე დაუწესდა იმით რომ მას ყველა თანამდებობა დაატოვებინეს.
„არ მინდა პოლემიკაში შესვლა. ის არის რთულ მდგომარეობაში. ეს არის რეალური მოცემულობა და ამ თავის მდგომარეობას ქალბატონი ეკა ხშირად ავლენს ხოლმე. დღესაც როგორ იქცეოდა თქვენ თავად ნახეთ. სამწუხაროდ, არაეთიუკურია მისი ქცევა უკვე დიდი ხანია. სანქციები მას უკვე დაუწესდა და ამიტომ დატოვა ყველა თანამდებობა სადაც იყო,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძეს შენობით მიმართა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის გაღიზიანება მოჰყვა. კობახიძემ ბესელიას მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა.
ამის შემდეგ ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლა გადაწყვიტა. ირაკლი კობახიძემ კი მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს დაუძახა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, ხომ არ ეშინია.