უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი არ უყარა. გადაწყვეტილება ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც ირაკლი კობახიძე განმარტავს, ამ ეტაპისთვის მმართველი გუნდი არ არის შეთანხმებული ვენეციის კომისიის დასკვნის რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ იმსჯელებს.
„პარლამენტმა ერთბაშად არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რა თქმა უნდა ასეთი რამე ვერ ჩაიწერება კანონში იმიტომ, რომ კონსტიტუციაში წერია მინიმალური რაოდენობა. 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა პოლიტიკურად შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, შეიძლება თანდათანობითაც შეივსოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური რეკომენდაცია ამისთვის მე უარყოფით კონტექსტში არ მიწოდებია. ეს არის სამართლებრივი რეკომენდაცია, რომელიც უნდა აისახოს ორგანულ კანონში. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია მიზანშეწონილობის თაობაზე. შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზეც ვიმსჯელოთ,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იზიარებს მმართველი გუნდის დეპუტატი ნუკრი ქანთარიაც. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ გადაწყეტილება რეალობიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.
„გამოგზავნილ სიას, რასაც გამოგზავნიან იქიდან კიდევ რამდენი გავა ეს კიდევ საკითხავია. ასე რომ ეს პროცესი არ იქნება რომ ჩვენ ახლა აუცილებლად უნდა ბოლომდე შევავსოთ ყველა რადაც არ უნდა დაუჯდეს. ახლა ეს ფეხბურთის ბურთი არ არის, რომ 11 თუ არ არის აი ვიღაცა ჩამოვიყვანოთ და ითამაშოს ხო იქა. არის ძალიან სერიოზული საკითხი. ამდენი ხანი მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. და იცით უკვე რა პროცესამდე ადის ეს ამბავი, ასე რომ ვფიქრობ რომ შესაბამისად ლოგიკურად და რეალობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს უმრავლესობამ,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.