19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ვენეციის კომისიის დასკვნა - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ უმრავლესობა ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ წავა

დღეს გაირკვევა ვენეციის კომისიის რა რეკომენდაციები მოხვდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტში. დეპუტატებმა უმრავლესობის მიერ მომზადებული ინიციატივა სესიაზე უნდა განიხილონ, მანამდე კი "ქართული ოცნება" პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება და კანონპროექტის ჩასწორებულ ვერსიას განიხილავს. უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სწორედ ჩასწორებული ვარიანტის გაცნობას ითხოვდა, რის გამოც საკითხი გუშინ სესიაზე აღარ განიხილეს. მოხვდება თუ არა ვენეციის კომისიის საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ პროექტში, ამის მოლოდინი ოპოზიციას არ აქვს. 

"მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან ამ მიმართულებით,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, უმრავლესობა იმდენად მონდომებულია ივანიშვილის დაკვეთების სწრაფად შესრულებაში, რომ ყველა ზღვარს გადავიდა. 

"კობახიძეს აქვს დავალება რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს შეასრულოს ივანიშვილის სურვილი ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული სამართალი,"-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

უმრავლესობიდან ბესელისათან ერთად დემარშით წასული ლევან გოგიჩაიშვილი კი აცხადებს, რომ მთავარი ამოცანა ყველასთვის იუსტიციის საბჭოდან კლანის წევრების გაშვება უნდა იყოს.

"ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკანონმდებლო სამართალი, ან ადამიანისთვის, უნდა დამთავრდეს ეს საკანონმდებლო იწილო-ბიწილო,"-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

უმრავლესობა კი მიანიშნებს, რომ მხოლოდ მცირე დათმობაზე წავა.

დღის ამბები