„მოსამართლის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. მან პოლიტიკური პროცესი წარმართა“ - ასე აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ისინი სამართალდამრღვევად ცნეს.
ოპოზიციის წარმომადგენელების შეფასებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს, რადგან მოსამართლეები პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ.
სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები წარადგინეს, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ პარტიის წევრები სამართალდამრღვევები იყვნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, რაც თავად ვიდეომასალიდანაც მტკიცდება.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „კურიერი“ ცდილობდა, რომ იმ გამომძიებლისგან დამატებით შეკითხვებზე პასუხი მიეღო, რომელმაც გიორგი პატარაია გამოკითხა. გურთაზ კვარაცხელიამ არ უპასუხა შეკითხვებს იმის შესახებ თუ, როდის მოხდა პატარაიასთავის დაკავების ოქმის წარდგენა და როდის არ არ მოაწერა მან აღნიშნულ დოკუმენტს ხელი.
სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს ჯარიმის სახით 2 ათას - 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. გამოძიება დაკავებლებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა.