"ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო. სამეგრელოში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს ჯარიმის სახით 2 ათას - 2 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. გამოძიება მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.
სასამართლო პროცესზე სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები წარადგინეს, რომლითაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ პარტიის წევრები სამართალდამრღვევები იყვნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მათ პოლიციელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც თავად ვიდეომასალიდანაც მტკიცდება.
გამომძიებელმა გულთაზ კვარაცხელიამ, რომელმაც გიორგი პატარაია გამოკითხა, განაცხადა, რომ სოფელ ნარაზენში იმ დროს, როდესაც ოპოზიციის წევრებს პოლიციის მანქანაში სვამდნენ, განუმარტეს, რომ დაკავებულები იყვნენ. წითლიძისა და პატარაიას თქმით კი, მათ განყოფილებაში მისვლის დროსაც კი არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა დაკავებულები, ხოლო იქ განუცხადეს, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიის დროს დაკავებული ენმ-ის ზუგდიდის საკრებულოს წევრის ანი წითლიძისა და პარტიის პრესსამსახურის უფროსის გიორგი პატარაიას საქმეზე პროცესი ცოტა ხნის წინ გაიმართა.
ინციდენტი სამეგრელოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ვითარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. მთელი დღის განმავლობაში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სპეცსამსახურების თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. დღის ბოლოს შეხვედრაზე მათ ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბუთების წარდგენა მოსთხოვეს და დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს რასაც დაპირისპირება მოჰყვა.