ირაკლისგან ასეთი სიტყვები არ ისმის არასდროს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ბილწსიტყვაობას უარყოფს.
მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძეს ბილწი სიტყვები არასდროს გამოუყენებია. მისი შეფასებით, ეს არის ცრუ ბრალდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარეს მსგავსი სიტყვები არასდროს არ უთქვამს.
„სხვისთვის რომ დაგებრალებინათ კიდევ შეიძლებოდა. მე, მაგალითად, მეტი გულწრფელობა რაღა გინდათ გიღიარებთ, რომ შეიძლება იშვიათად, მაგრამ რაღაცა ბილწი სიტყვა შეიძლება გამომიყენებია. ირაკლისგან ასეთი სიტყვები არ ისმის არასდროს. ამიტომ ნუ დავაბრალებთ ისეთ ადამიანს განსაკუთრებით, რომელსაც ცხოვრებაში მსგავსი სიტყვები არ გამოუყენებია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სესიის ვიდეოჩანაწერიდან კი დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.
„ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს.