„ეს ის დაწესებულებაა, სადაც ყველა ყველაფერს იყენებს, ეს ის შემთხვევაა,“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საკანონმდებლო ორგანოდან ირაკლი კობახიძის ბილწსიტყვაობას.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ის ასევე ვარაუდობს, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივაციით გამოიყენებენ.
„ქართული ოცნების“ წევრმა ბილწი სიტყვების გაჟღერებასა და გავრცელებაში „რუსთავი 2“ დაადანაშაულა.
„არის კიდევ მედია დაწესებულებები, სადაც ისეთი უხამსი სიტყვები ისმის, რომ მე არ ვურჩევდი, რომ მათ გააკეთონ სიუჟეტი ამ შეიძლება უხეშ გამონათქვამზე, მაგრამ ისეთზე, რაც ახლახან მოვისმინეთ, დედის გინება და ისეთი სიტყვები, რომელმაც წალეკა ქართული ეთერი და ამის ფლაგმანია „რუსთავი 2“ და აქედან გამომდინარეობს ის დამოკიდებულებაც, რაც საერთოდ საზოგადოებაში სუფევს ხშირ შემთხვევაში, თითქოს, ყველაფერი დაშვებულია. რაც შეეხება ცალკეულ გადაცდომებს, კი ბატონო, ეგეც არ უნდა იყოს, მაგრამ, რასაკვირველია, პოლიტიკურად გამოიყენებენ ყველაფერს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
სესიის ვიდეოჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.
„ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს.
თავად პარლამენტის თავმჯდომარე მისი მხრიდან ბილწი სიტყვების გაჟღერებას კატეგორიულად უარყოფს.