ჩანაწერის ნამდვილობაზე დავას თუ აპირებს ბატონი კობახიძე, შეუძლია, მიმართოს ექსპერტიზას - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარის ბილწსიტყვაობას.
ოპოზიციის წევრის თქმით, ირაკლი კობახიძის მტკიცების მიუხედავად, რომ ოპონენტების მისამართით უცენზურო სიტყვები არ მოუყენებია, საზოგადოება ადვილად დაიჯერებს, რომ მან მართლაც გამოიყენა ბილწი სიტყვები.
სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, თუ სესიის იმ ვიდეოჩანაწერის ნამდვილობაზე აპირებს დავას, სადაც კობახიძის უცენზურო სიტყვები ისმის, შეუძლია ექსპერტიზას მიმართოს.
„ის არა მხოლოდ უპასუხოდ ტოვებს ისეთ განცხადებებს, როგორიც მაგალითად, გააკეთა ბატონმა ხუნდაძემ, როდესაც ფაქტობრივად მოუწოდა ძალადობისკენ ერთ-ერთი ტელევიზიის დირექტორის მიმართულებით, ასე ვთქვათ საზოგადოებას, არამედ ხშირად საკუთარი ჩარევით პირიქით, ხელს უწყობს კონფლიქტის ინსპირირებას დარბაზში. სწორედ ამიტომ მისი პოლიტიკური რეპუტაცია დღეს ისეთია რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს საზოგადოებაში, ვფიქრობ ძალიან ადვილად დაიჯერებს იმას, რომ ბატონმა კობახიძემ მართლაც გამოიყენა უცენზურო სიტყვები პარლამენტის დარბაზში და მით უმეტეს არსებობს ამის ჩანაწერი. ამ ჩანაწერის ნამდვილობაზე დავას თუ აპირებს ბატონი კობახიძე, მე არ ვიცი, შესაბამისად შეუძლია მიმართოს ექსპერტიზას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სესიის ვიდეოჩანაწერიდან დგინდება, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.
„ყ..ზე დაიკიდე, ჩვეულებრივად გააგრძელე და ამათ მივხედოთ მერე!“ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს.