19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
რა გახდა ქობულიას გადაყენების მიზეზი - პრემიერი მიზეზს არ ასახელებს 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა. მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მან გადაწყვეტილება თავად ქობულიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. ის არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას მასსა და ქობულიას შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.

რამდენიმე კვირის განმავლობაში კი თავად ქობულია უარყოფდა ინფორმაციას, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილებოდა. გუშინ დილით კი იგივე თემაზე მან ჟურნალისტები პრემიერთან გადაამისამართა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას იღებს ბახტაძე და თავად ის მინისტრის პოსტიდან წასვლას არ აპირებს. 

„მე გოგასთან გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც მთავრობის მერე კიდევ ერთი შეხვედრა მექნება. ასე რომ გარწმუნებთ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის. გოგა ქობულიამ გითხრათ ის რაც უნდა ეთქვა. გადაწყვეტილება უნდა მივიღო მე და მე ეს გადაწყვეტილება მივიღე მასთან საუბრის შედეგად. აქ არაფერი გასაკვირი არ არის. თვითონ გოგა ქობულიას განვლილი კარიერული გზა არის ნათელი პასუხი იმაზე თუ რა კომპეტენციის მატარებელია ეს ადამიანი. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა გამოიყენა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კითხვაზე, როგორ მოხდა რომ ბრძანება ქობულიას გადაყენების შესახებ იმაზე ადრე მოხვდა ერთ-ერთ არხზე ვიდრე ის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდებოდა, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხასიათის საკითხია, რაზეც განმარტებებს ადმინისტრაცია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

"შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და ამაზე ადმინისტრაცია გააკეთებს კომენტარს მთავრობის დასრულებისთანავე. რა თქმა უნდა ინფორმაცია, გადის თუ შემოდის  რა თქმა უნდა, უნდა ვუზრუნველყოთ ჩვენ ის რომ როდესაც არის მაღალი ინტერესი საჯარო პოლიტიკის მიმართ ეს მთავრობამ დროულად უნდა დააკმაყოფილოს, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები