19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
დღეს სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად - რომან გოცირიძე 

„დღეს სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გააკეთა. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ ანგარიშს პარლამენტს აცნობს.

ოპოზიცია სუს-ს კონკრეტულ პრეტენზიებს უყენებს და ახსენებს, რომ ეს სამსახური ბოლო წლებია, სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოებით.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ სუს-ი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა და რეალურად მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.

სუს-ში, რომელიც ღებულობს 100 მილიონზე მეტ დაფინანსებას, მისი ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსები იფლანგება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში. ფაქტობრივად, სუს-ი გადაქცეულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ნაწილად, მიდის თვალთვალი პოლიტიკურ ლიდერებზე, მიმდინარეობს ამომრჩევლის დაშინება. დღეს სუს-ი გადაქცეულია პოლიტიკურ პოლიციად,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძის თქმით, სუს-ის ანგარიშში ასახულ საკითხებს შორის არის რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა.

„რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილები იგრძნობა ყველგან, დაწყებული პროპაგანდით, დამთავრებული უამრავი სხვა ქმედებებით. ქვეყანაში დესტრუქციული პოლიტიკური და საზოგადოებრივი არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს, ატარებენ რუსულ პოლიტიკას, გამოირჩევიან შეუმწყნარებლობით, გამოირჩევიან ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგებით და პირიქით ეს ძალები არის მხარდაჭერილი ხელისუფლების მხრიდან,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები