სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილი წლიურ ანგარიშს ამ წუთებში დეპუტატებს აცნობს.
ოპოზიცია სუს-ს კონკრეტულ პრეტენზიებს უყენებს და ახსენებს, რომ ეს სამსახური ბოლო წლებია, სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოებით.
ოპოზიციის კრიტიკა სუს-ის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, სრულად მიუღებელია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისთვის. სოფო კილაძის თქმით, ქვეყანაში დესტრუქციული ძალები მართლაც ცდილობენ სიტუაციის ესკალაციას. დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას, კომიტეტის დახურულ ფორმატში ელის.
„ჩემთვის გაუგებარი არის ოპოზიციის ბრალდებები სუს-ის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ნამდვილად ცდილობენ ქვეყანაში არეულობას, თუმცა ამაზე ალბათ დახურულ ასე ვთქვათ ფორმატში გვექნება საუბარი და სუს-ი თავად წარმოადგენს. მე მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სუს-ის პოზიციას ალბათ დახურულ ფორმატში მოვისმენთ. ამის კომენტირებისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.