ევროპული საქართველო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს.
საკითხზე დეპუტატებმა განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
სხდომაზე ოპოზიციამ მთავარი პროკურორიც დაიბარა, თუმცა, ის არ მივიდა. კომიტეტზე შეთანხმდნენ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, დახურულ ფორმატში შეხვდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ევროპული საქართველო - რეგიონების წევრი, სერგი კაპანაძე, ამბობს, რომ მარიამ ჯაში გამოძიების პროცესში პროკურატურის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
„ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ამ სხდომაზე მოსულიყო პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენთვის ჩაებარებინა ანგარიში, როგორ მიდის გამოძიება ია კერზაიას საქმეზე. ჩვენ დღეს მივიღეთ წერილი მარიამ ჯაშისგან, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება... ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიწვევთ ბატონ ბაჩანა შენგელიას, მოვუსმენთ მას და შემდეგ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, პარლამენტმა შექმნას მოკვლევის კომიტეტი და თვითონ შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე თუ არა. თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს ამ საქმის შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება,“ - განაცხადა კაპანაძემ.
ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ნუკრი ქანთარია, აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
„რაღაც გარკვეული ნაწილი დაკითხულია, ნაწილი არ არის დაკითხული და დრო გადის და ამაშია წინააღმდეგობა და ვფიქრობთ, პროკურატურამ მაქსიმალურად აქტიურად გამოიჩინოს მარიფათი ამ შეთხვევაში,“ - განაცხადა ქანთარიამ.