რუსეთის მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარებას, ქეთევან ციხელაშვილი ძალის დემონსტრირების პოლიტიკას უწოდებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამხედრო სწავლებები არის რუსეთის რეაქცია საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და ნატოს დაახლოებაზე.
„ეს არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა. საუბედუროდ, არც სიახლეა. შარშან წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნა და მანევრი ჩატარდა. ამჯერად, 3 ათასი სამხედროს მონაწილეობით, ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე. ერთი, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად, სამხედრო პოლიგონად იქცა უკვე წლების განმავლობაში და მეორე, ის, რომ ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ, რეაქცია საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობას, ნატოსთან დაახლოებას“ - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
გასულ კვირას სამხედროებმა სარაკეტო შეტევების მოგერიებაში ივარჯიშეს. დღეს კი წვრთნას პირობით მტრის ობიექტების დაბომბვაში გადიან. სწავლებებში მონაწილეობს 3 ათასი ჯარისკაცი, 400 ერთეული ტექნიკა და სამხედრო გემიც.