02 მაისი 2024,   23:21
ვრცლად
თავდასხმა 16 წლის გოგონაზე მაკრატლის გამოყენებით - პოლიციას არავინ დაუკავებია

გორში, 16 წლის გოგონას დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებული არ არის. მოზარდს მაკრატლის მუქარით, ახალგაზრდა მამაკაცმა ქალაქის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში ფული მოსთხოვა, თუმცა მოზარდის ყვირილმა თავდამსხმელი შეაშინა და ის მიიმალა.

მოგვიანებით, მომხდარის შესახებ გოგონამ პოლიციას შეატყობინა. მომხდარის დეტალებს იხსენებენ დაზარალებულის ოჯახის წევრები.

„ჩემი შვილი მოსამზადებელზე დადის, შუადღით მოხდა ეს შემთხვევა, დღისით, მზისით არანაირი საღამო. დახვედრია სადარბაზოში კიბეებზე, სავარაუდოდ, ფულის გამოძალვის მიზნით. მაგრამ მე როდესაც დღეს ველაპარაკე ჩემს შვილს ფულის ამბავი არ იყოო,იმიტომ რომ ავადმყოფს უფრო ჰგავდა, კანკალი გაუდიოდა და რა უნდოდა ვერ გავარკვიეო. სავარაუდოდ, მაკრატელი თუ დანა მიადო ბავშვს,“-ამბობს დაზარალებულის მამა დავით კირთაძე.

სადარბაზოს სიახლოვეს, სადაც შემთხვევა მოხდა, არ სათვალთვალო კამერები არ დგას. შესაბამისად, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ დამნაშავის იდენტიფიცირება გაძნელდება.

დაზარალებული კი დარწმუნებულია,რომ თუ პოლიცია ბრალდებულს დააკავებს, ის მას აუცილებლად ამოიცნობს, რადგან შემთხვევა დღის საათებში მოხდა და თავდამსხმელს სახე დაფარული არ ჰქონდა.

მეზობლები კი ამბობენ, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობენ. მათ ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით ეშინიათ ეზოში ბავშვების გაშვება და გადაადგილებისას თავადაც ფრთხილობენ.

მომხდართან დაკავშირებით კი შს სამინისტრომ გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის, მუხლით დაიწყო. უწყება არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა იდენტიფიცირებული თავდამსხმელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები