03 მაისი 2024,   00:23
ვრცლად
არასრულწლოვანთა უმძიმესი დანაშაული - 15 წლის ბიჭი გორში ყაჩაღობისთვის დააკავეს

არასრულწლოვანთა უმძიმესი დანაშაული - 15 წლის ბიჭი ყაჩაღობისთვის დააკავეს. გორში მოზარდმა მაკრატლით თანატოლი გოგოსთვის ფულის წართმევა სცადა.

ახალგაზრდამ ყვირილი დაიწყო, თავდამსხმელს შეეშინდა და გაიქცა. კიდევ ერთ კრიმინალურ ისტორიას გორში პანიკა მოჰყვა. 24-საათიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ბიჭი დააკავეს, ის დანაშაულს აღიარებს და ყვება, რომ ფული სჭირდებოდა და ამიტომ გოგონას დაყაჩაღება გადაწყვიტა.

საცხოვრებელი კორპუსში მცხოვრებლები, სადაც დაყაჩაღების მცდელობა მოხდა, შეშინებულები არიან. ამბობენ, რომ გარეთ გასვლა და ბავშვების ეზოში ჩაყვანა უსაფრთხო აღარ არის.

გორში მოსახლეობა ამბობს, რომ გაზრდილი კრიმინალის მიზეზი მძიმე სოციალური ფონია და ლუკმაპურის გარეშე დარჩენილი ადამიანები მზად არის დანაშაული ჩაიდინონ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში გორის რაიონში ძარცვის არაერთი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ავტოსარემონტო ცენტრში 5 მანქანა გატეხეს. სუნამოსა და სელფის ჯოხის გამო გატეხეს ავტომობილი გორის ცენტრში, გაქურდეს საყოფაცხოვრებო მაღაზია „ლიბრე“ და წაიღეს ფული - ამ საქმეებზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

დღის ამბები