19 ნოემბერი 2024,   07:22
ვრცლად
უკრაინელი სამხედროები ФСБ-ს შავ სიაში და შეკვეთილი მკვლელობები - ოპოზიცია ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობას არ გამორიცხავს 

რუსეთის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე უკრაინელი სამხედროების შეკვეთილი მკვლელობები - ქართველი პოლიტიკოსები იმ სკანდალურ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომელზეც "შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში  ქალაქ როვნოს ციხეში მყოფმა ქილერმა ისაუბრა. 

"შაბათის კურიერთან"  ინტერვიუში ოლეგ სმოროდინოვი აღიარებს, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა, შურისძიების მოტივით მას შვიდი უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციის დავალება მისცეს. მიზეზი უკრაინელი სამხედროების 2008 წლის ომისას გაწეული დახმარება იყო.  ФСБ-მ ​ უკრაინელ ქილერს, შვიდი უკრაინელი სპეციალისტის მკვლელობა შეუკვეთა. 

თბილისში ინფორმაციას შემაშფოთებელს უწოდებენ და მთავარ აქცენტს საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე აკეთებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და უკრაინელი სამხედროების შესახებ ინფორმაცია ოკუპანტმა ქვეყანამ სწორედ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. 

მაგალითად ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეების ლიკვიდაციის ფაქტები მოჰყავს.

„ლოგიკურად რომ მივყვეთ ისტორიას, ეს არ არის პირველი შემთხვევა ვინაიდან, კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების საიდუმლო ვითარებაში გარდაცვალება ჯერჯერობით არ არის გამოძიებული. ასევე, გია ცერცვაძის მონაცემების გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის. იყო ნიუ იორკ თაიმსის ძალიან ვრცელი სტატია ამაზე, რომ პირდაპირ შეკვეთილი მკვლელობა მოხდა, პრაქტიკულად უკრაინის ტერიტორიაზე. როდესაც უკრაინელი სამართალდამცავები იძიებდნენ ამ ისტორიას თუ რატომ მოხდა ისე რომ საქართველოში 2008 წლის ომში მონაწილე უკრაინელი ოფიცრების ე.წ. შეკვეთა მოხდა რუსეთის ГРУ-ს მხრიდან. მაშინ დაისვა ერთ-ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა - საიდან მოხდა ამ ოფიცრებზე ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების ხელში და ამ კითხვაზე, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ არის, თუმცა, ძალიან გონივრულია ვიფიქროთ, რომ ერთადერთი, ვისაც ჰქონდა ინფორმაცია ამ ოფიცრებზე ეს იყო თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს ხელისუფლება,“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი მომხდარის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოში საიდუმლო ობიექტებზე რუსი ჯაშუშების შეყვანის არაერთი მაგალითი არსებობს და ამის დასადასტურებლად ტრისტან წითელაშვილის მაგალითი მოჰყავს.

„შემაძრწუნებელია იმის გაგება, რომ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც გვეხმარებოდნენ ომის დროს, მოკლულები არიან რუსეთის მიერ. კიდევ უფრო შემაძრწუნებელია, რომ არსებობს საფუძვლიანი გარკვეული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება, „ოცნების“ ხელისუფლება ვერ უფრთხილდება ან არ უფრთხილდება ამ საიდუმლოებას და ბუნებრივია, ამ მიმათულებით უნდა იყოს მოკვლევები,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები