კურიერის ექსკლუზივი - რუსეთმა იმ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა შეუკვეთა, ვინც 2008 წელს საქართველოს რუსული ბომბებისგან იცავდა.
ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ კურიერი უკრაინის ქალაქ რივნოში ჩავიდა. უკრაინული ქალაქი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში რუსული სპეცსამსახურების შეკვეთილი მკვლელობის გამო მოექცა.
თითქმის, სამი წელია, წინასწარი დაკავების იზოლატორში განაჩენის მოლოდინშია უკრაინის მოქალაქე, ოლეგ სმოროდინოვი. ადგილობრივი სპეცსამსაუხრების მტკიცებით, სწორედ მან ჩაცხრილა საკუთარი სახლის სადარბაზოში უკრაინული სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, ივან მამჩური.
კურიერმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მოიპოვა სასამართლოს ნებართვა და გადამღები ჯგუფი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტის ჩასაწერად რივნოს იზოლატორში შევიდა. როგორც კი ოლეგ სმოროდინოვმა თქვა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა მას უკრაინელების მკვლელობა საქართველოში განხორციელებული საიდუმლო ოპერაციის გამო დაუკვეთეს, მაშინვე შეხვედრების ოთახში ციხის სპეცრაზმი შევიდა და ინტერვიუ გაწყვიტა. თუმცა, მკვლელობაში ბრალდებულმა სმოროდინოვმა მთავარი სათქმელი ინტერვიუს დასაწყისშივე თქვა.
ინტერვიუს შეწყვეტის გამო, მან ვერ მოასწრო ეთქვა, როდის და საიდან მიიღეს მისმა დამკვეთებმა იმ უკრაინელი სამხედროების მონაცემები, რომლებიც ქართულ ჯარს 2008 წელს რუსული აგრესიის შეჩერებაში ეხმარებოდნენ. ის, რაც კურიერის კამერის წინ არ ათქმევინეს, უთხრა უკრაინელ ჟურნალისტებს.
ნიუ იორკ თაიმსის ჟურნალისტი, მაიკლ შვირტსი, სტატიაში უთითებს, რომ ომამდე რამდენიმე წლით ადრე უკრაინამ საქართველოს ანტისარაკეტო სისტემა მიჰყიდა, რამაც პატარა ქვეყანას 2008-ში ეფექტური თავდაცვის საშუალება მისცა. ავტორის ცნობით, რუსეთში მაღალჩინოსნებს არ სჯეროდათ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ჯარებს რთული სისტემის იარაღის გამოსაყენებლად საკმარისი უნარები ჰქონდა და თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ მათ უკრაინელი ჯარისკაცები ეხმარებოდნენ.
ოლეგ სმოროდინოვმა კურიერს ინტერვიუს დაწყებამდე უთხრა, რომ ქართულად რამდენიმე სიტყვა იცის. საქართველოში ჰყავს მეგობრები და რამდენჯერმე ნაყოფიც არის. ამის შემდეგ კურიერს დეტალურად უამბო, მოსკოვში სად და რა გარემოში შეხვდა რუსული სპეცსამსახურების ორ კურატორს - ფილიპს და მაქსიმს, როგორ მოხდა მისი გადაბირება და როგორ ჰპირდებოდნენ, უკრაინელი სამხედროების ლიკვიდაციის სანაცვლოდ, ოკუპირებული ყირიმის ძალოვან უწყებაში დასაქმებას.
სმოროდინოვი ამტკიცებს, რომ დავალების მიცემისას მან არ იცოდა, რის გამო უნდოდათ რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. მისი თქმით, მის შავ სიაში 7 პირი იყო. ბრალდებულმა სმოროდინოვმა შვიდიდან მხოლოდ ერთის ლიკვიდაცია მოასწრო. მამჩურს სიაში "ვარდი" ერქვა.