ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, დელეგაციის წევრებთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
მანამდე კი ის წეროვანს სტუმრობდა, სადაც დევნილთა დასახლება მოინახულა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ლილიან მორი პასკიემ შიდა ქართლი უკომენტაროდ დატოვა.
პასკიეს ვიზიტზე ისაუბრა ახლგორის გამგებელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალშის აერთაშორისო ძალისხმევით დეოკუპაციის იმედი აქვს.
„დაინტერესდა დევნილთა სოციალური მდგომარეობით, საყოფაცხოვრებო პირობებით, ინტეგრაციის საკითხით დანარჩენს დასახლებულ პუნქტებთან, რაიონის მოსახლეობასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროსაბჭო ასეთი მაღალი ინტერესით ეკიდება დევნილთა პრობლემებს. ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხს და იმედს ვიტოვებთ ჩვენ, რომ უმოკლეს დროში საერთაშორისო ძალისხმევით მოხდება დეოკუპაცია და ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს მშობლიურ რაიონებში და სოფლებში,“-განაცხადა ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს უკავშირდება. ლილიან მორი პასკიე, დელეგაციის წევრებთან ერთად უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის წევრებს. დღეს დაგეგმილია ოფიციალური ვახშამი. ხვალ კი პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება.