საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი გაკეთებული კრიტიკული განცხადების twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გაზიარების ფაქტს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეცდომები აზიანებს საქართველოს, როგოც სახელმწიფოს.
სამადაშვილის თქმით, მომხდარის გამო საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით, ბოდიში უნდა მოიხადოს.
„მსგავსი შეცდომა მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს საკმაოდ აზიანებს. ჩვენ არასდროს არ უნდა ჩავერიოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მით უმეტეს როდესაც ეს ხდება რაღაცა დაცინვის და უხეში ფორმით. ამაზე ალბათ ბოდიშის მოხდა მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს, მათ შორის ამერიკის საელჩოსთან კომუნიკაციის გზით. მე მიჭირს უბრალოდ ახსნა, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პრეზიდენტის აპარატში მსგავსი შეცდომა მოუვიდეს ვინმეს. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ სრული უპატრონობა სუფევს პრეზიდენტის აპარატში,“- სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხმაურიან სკანდალში ეხვევა. საქართველოს პრეზიდენტმა twitter-ის საკუთარ გვერდზე, დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, სადაც იგი შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს.
საქართველოს ადმინისტრაციაში ამტკიცებენ, რომ პოსტი სალომე ზურაბიშვილს არ გაუზიარებია. ტექნიკური შეცდომა სოციალური მედიის მართვის მენეჯერმა დაუშვა, რომელიც მალევე გამოასწორეს. პრეზიდენტის გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტი დაახლოებით ერთი საათი იდო, ის ამჟამად წაშლილია.
დონალდ ტრამპი, ტვიტერზე, პენსილვანიაში სენატორ ბაიდენის ვიზიტს გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს "მძინარა" უწოდა.