19 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
კრემლის პოლიტპატიმართა სია და ქართული გვარები - ვაშინგტონი კვლევას აქვეყნებს  

კრემლის მიერ ქართველების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ვაშინგტონში კვლევა ქვეყნდება.

პოლიტპატიმართა სიაში რამდენიმე ქართული გვარი გვხვდება. ესენი არიან რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, რომლებმაც აგვისტოს ომის დღეებში, საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკა შეამჩნიეს და ამის შესახებ საქართველოში ახლობლებს შეატყობინეს. ზოგიერთი მაშინვე, ნაწილი კი წლების შემდეგ გაასამართლეს და ციხეში ჯაშუშობის და სახელმწიფოს ღალატის მუხლებით გაუშვეს.

ანგარიშში გვხვდება მარინა ჯანჯღავას, ანიკ კესიანის და სოხუმში გაზრდილი ოქსანა სევასტიდის საქმეები. რუსეთის ხელისუფლებამ ისინიც სახელმწიფოს ღალატის მუხლით გაასამართლა.

ასევე ვკითხულობთ სოჭელი ავიადისპეჩერის - პიოტრ პარპულოვის, ისტორიას. მას ბრალი დასდეს ქართული მხარისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებაში, რომელი საჯარო იყო და რუსეთის თავდაცვის უწყების გაზეთში გამოქვეყნებული.

კრემლის პოლიტპატიმართა საქმეებზე ანგარიშში 16 სავარაუდო პასუხისმგებელი პირია გამოკვეთილი. მათ შორის პრეზიდენტი პუტინი, ФСБ-ს დირექტორი ბორტნიკოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი, გენპროკურორი იური ჩაიკა, იუსტიციის მინისტრი კონოვალოვი, ასევე მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.

უფლებადამცველი ცენტრი მემორიალი რუსეთში დღეს 278 პოლიტიკური პატიმარს ითვლის, რაც გაცილებით მეტია ბრეჟნევის ეპოქის - 1970-იანი წლების საბჭოთა კავშირში პოლიტპატიმართა რაოდენობაზე.

 

 

დღის ამბები