19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნად - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და უმრავლესობაში შესაძლო დაპირისპირებაზე საუბრობს

ოპოზიცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნას, ამ უწყებასთან დაკავშირებით არაადეკვატური გადაწყვეტილებების გაგრძელებად მიიჩნევს.  მათი შეფასებით, იმ უწყების ხელმძღვანელის, საბჭოს მდივნად დასახელება, რომლის მიმართ დღემდე არაერთი კითხვა არსებობს, მიუღებელია. პოლიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ნაბიჯი გუნდში შიდა უთანხმოების საფუძველიც გახდეს. პრემიერის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველად დღეს იკრიბება.

"ბიძინა ივანიშვილი ყველაზე შავი საქმისთვის რეალურად ეყრდნობა სწორედ გახარიას, მათ შორის ე.წ. არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარება, ისეთი ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ზეწოლამ, საუბარია ია კერზაიაზე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო სწორედ გახარია და ამიტომ გასაკვირი ნამდვილად არ არის,რომ ახლა უკვე ფორმალურადაც უდნა ბიძინა ივანიშვის რომ ეს პოსტი სწორედ მას მიანიჭოს,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე კი განმარტავს, რომ გახარიას დანიშვნა ამ პოსტზე იმ უცნაური გადაწყვეტილებების გაგრძელებაა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უშიშროების საბჭოსთან მიმართებაში აქამდე არაერთხელ მიიღო.

"ის, რომ გამოუძიებელი საქმეებით და მანტრა ფრაზით - "მიმდინარეობის გამოძიება," ესეთი ადამიანი წინაურდება ბრჭყალებში, ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" თავის შეცდომებს არ აღიარებს,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე კი იმედს გამოთქვამს, რომ გახარია ახალ პოსტზე არ იქნება ორიენტირებული მხოლოდ "ქართული ოცნების" ინტერესების გატარებაზე და ასევე არ გამორიცხავს, რომ მისი დანიშვნა მმართველ გუნდში დაპირისპირების საბაბი გახდეს.

"ერთი მინისტრის გამორჩევა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან და მისი გამწესება საბჭოს მდივნად, შეიძლება გახდეს რაღაც ეტაპზე შიდა უთანხმოებების საფუძველი,"-აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე. 

დღის ამბები