სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ განცხადებებზე „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იხსნის. პარტიის გენერალურმა მდივანმა „კურიერის“ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეა და მედიას სთხოვა, არ გააიგივონ ის „ქართულ ოცნებასთან.“
კახა კალაძე ამბობს, რომ არ იცნობს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება.
ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ზურაბიშვილი ამჯერად ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუს გამო მოექცა. სადაც მან თქვა, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთოხებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის.
კახა კალაძე კი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გაემიჯნა.
„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ არის პარტიის წევრი და მას არანაირი კავშირი არ აქვს „ქართულ ოცნებასთან.“ ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგვეჭირა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს, თუ ვინ იქნებოდა ასეთი კანდიდატები. რადგან სალომე ზურაბიშვილი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეჭირა მხარი. შესაბამისად, პარტიასთან, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომეს. გზა და არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, არის იმ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა ჰქვია, ნატოსთან თანამშრომლობა. ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.