"თემა, რომელიც არ განიხილება, არ უნდა იყოს ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი,“- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა ხუციშვილი პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას არ მიესალმება.
„ქართული ოცნების“ წევრისთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა აქტუალური ეს თემა, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბაზების საკითხზე საუბარი არ მიმდინარეობს.
ზაზა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო ნატოსკენ მიისწრაფვის, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია.
„ეს თემა რატომ წამოიწია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია იმიტომ, რომ ასეთი განხილვა არც ამდენი წლის განმავლობაში, არც დღეს არ მიმდინარეობს. საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ. ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი. გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს წესდება ითვალისწინებს იმას, რომ მის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება აი, ამ გაერთიანებაზე თავდასხმად, რაც არის ძალიან დიდი ფარი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ისეთი პატარისთვის, როგორიც არის საქართველო. რუსული მედიის დღის წესრიგით ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. ეს არ არის ხელშეწყობა. ეს არის გამონათქვამი, მისი აზრი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თემა, რომელიც არ განიხილება, არ უნდა იყოს ასეთი აჟიოტაჟის საფუძველი,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სალომე ზურაბიშვილი ამჯერად "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამო მოექცა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის.