19 ნოემბერი 2024,   05:33
ვრცლად
არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს - შს მინისტრი სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებას ეწინააღმდეგება, პარლამენტში დეპუტატებმა გიორგი გახარიასგან შეფასება მოითხოვეს.

„ამერიკის ხმასთვის“ მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოსთვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქმედებები, რომლებიც შესაძლოა პროვოკაციად იყოს აღქმული, თავიდან ავირიდოთ.

„თქვენ ახალი პოზიციაც გაქვთ, ეს არის უსაფრთხოების საბჭოს კოორდინაცია. აქედან გამომდინარე, თუ შეიძლება რომ გამცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი კითხვაზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

გიორგი გახარიამ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობასაც იკავებს, დეპუტატის კითხვას არ უპასუხა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამონათქვამს არ შეაფასებს. აქვე, განმარტა, რომ აშშ საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.

„არ შევაფასებ პრეზიდენტის გამონათქვამს. მე გეტყვით, რომ აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის ჭრილში ძირითადი და სტრატეგიული მხარდამჭერი და რა თქმა უნდა, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის ნაწილში არის ამ ქვეყნის პრიორიტეტი,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები