„არასდროს არ ყოფილა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არანაირი დაძაბული ურთიერთობა, არანაირი რელიგიური კონფლიქტი“ – ეს განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მროველ-ურბნელის მიტროპოლიტის, მეუფე იობის სკანდალური განცხადების შეფასებისას გააკეთა.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აზერბაიჯანთან მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაქოსთან მუდმივი კომუნიკაციაა და პირობა დადო რომ გარეჯის პრობლემა მალე მოგვარდება.
„როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ამ მთავრობის წარმომადგენლისთვის, უმთავრესი არის რომ სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან გამომდინარე, გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“ - აცხადებს ზალკალიანი.
თითქმის ორი კვირაა დავით გარეჯში ვითარება დაძაბულია. უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. 4 დღის განმავლობაში ტერიტორია მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის ტერიტორია ღიაა, თუმცა არსებული ინფორმაციით, დავით გარეჯამდე მისასვლელი გზა შესაძლოა 5-დან 15 მაისამდე პერიოდში ისევ ჩაიკეტოს.