საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის წევრი გახდა. „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება" - ამ სახელწოდების ღონისძიებას თბილისი მასპინძლობს.
ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მონაწილეობენ. ღონისძიებას ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრმა ევროპულ ასოციაციაში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ მომხდარს ისტორიული მოვლენა უწოდა.
„ENQA-ში გაწევრიანებით ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი, იყოს ისეთი რომელიც შეეფერება ჩვენს წარსულს, რომელიც შეეფერება იმ მომავალს და იმ მიზნებს, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ჩვენს უნივერსიტეტებთან ერთად უნდა აქტიურად ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაკმაყოფილოთ ყველა სტანდარტი, ყველა კრიტერიუმი. ჩვენ უნდა გვქონდეს მაქსიმალური ფოკუსი გაკეთებული ხარისხზე. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, როდესაც შენს ქვეყანაში გაცემული დიპლომი ითვლება, რომ არის ვალიდური და უმაღლესი სტანდარტის,“- განაცხადა პრემიერმა.