19 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ჯარს უყვარს შავლეგო და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება ჯარს" - სესიაშვილი იმერეთის გუბერნატორის მიერ პოსტის დატოვებაზე

„მე არც ინფორმაცია მაქვს და არც მოლოდინი, რომ მინისტრების შეცვლა იგეგმება," - ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას შავლეგო ტაბატაძით შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

იზორიას ტაბატაძეთი ჩანაცვლების საკითხი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ცნობილი გახდა, რომ შავლეგო ტაბატაძემ იმერეთის გუბერნატორის პოსტი დატოვა.   

სესიაშვილის თქმით, იმერეთის გუბერნატორის პოსტზე ტაბატაძემ კარგად იმუშავა, თუმცა ახლა თუ ჯარს დაუბრუნდება, ეს მისასალმებელია.

„მე არც ინფორმაცია მაქვს და არც მოლოდინი, რომ მინისტრების შეცვლა იგეგმება. ბატონ ლევანს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა პარლამენტში გამოსვლა და ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ ლევანი არის ერთ-ერთი გამორჩეული რეფორმატორი, რაც აღიარებულია. ამ უწყებაში მიღწეული შედეგები აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მას სრული მხარდაჭერა აქვს პარლამენტისგან, კომიტეტისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი ღისრეულად გააგრძელებს თავის სამსახურს.

"რაც შეხება ბატონ შავლეგოს, შავლეგოც ყოველთვის ღირსეული ოფიცერი იყო. მე მსმენია, რომ, როგორც გუბერნატორმა, ძალიან კარგად იმუშავა და ის რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული ხელმძღვანელი იყო. იმასაც გეტყვით, რომ ჯარში ძალიან გაუხარდებათ, თუ ის დაბრუნდება. მე როგორც გავეცანი ინფორმაციას, მას სურს, რომ დაუბრუნდეს თავის პროფესიას. ამაში მე მხოლოდ პოზიტივს ვხედავ და მივესალმები იმიტომ, რომ ჯარს უყვარს შავლეგო და შავლეგოს პროფესიონალიზმი სჭირდება ჯარს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღის ამბები