ეკონომიკის ყოფილი მინისტრის სკანდალური განცხადებები და მზაობა პარლამენტში მისვლაზე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას საკანონმდებლო ორგანოში წარდგენაზე იმსჯელეს.
ოპოზიცია ქობულიას პარლამენტში მისვლას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ყოფილ მინისტრს სათქმელი ძალიან ბევრი აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის თქმით, გიორგი ქობულიამ საგანგაშო განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ არაფორმალური ზეწოლები ხორციელდებოდა.
„ძალიან ბევრი საგანგაშო რამ ითქვა. მათ შორის ის რომ, ის არ წასულა საკუთარი ნებით, განსხვავებით ოფიციალური სამთავრობო ვერსიისა და რომ მასზე ხორციელდებოდა არაფორმალური ზეწოლები და ის ხაზს უსვამს ქვეყნის ეკონომიკის მართვაში არსებული უკანონო რაღაც თამაშის წესების შესახებ. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მან თავად გამოთქვა სურვილი, რომ მობრძანდეს სწორედაც რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. მან ახსენა კომიტეტიც, ამიტომ ჩვენ გთხოვთ, რომ უზრუნველყოთ მისი მოსვლა და მისი მოხსენება კომიტეტში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ოპოზიციის მოთხოვნას იზიარებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია. მისი თქმით, კომიტეტის წევრებთან გაივლის კონსულტაციებს და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„როდესაც ეს განცხადება მოვისმინე, ასეთი სურვილი მეც ჩამომიყალიბდა, კომიტეტის წევრებს დაველაპარაკები მყისიერად, ახლა ვერ მოგცემთ პასუხს. ჩემი პირადი აზრი დადებითია,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
ოპოზიციის მოთხოვნას და რომან კაკულიას პოზიციას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რევაზ არველაძე. დეპუტატი ამბობს, რომ ქობულია განაწყენებულია სამთავრობო გუნდზე და მისი სკანდალური განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს.
„პირადად ჩემი აზრი უარყოფითია ბატონო რომან. მე თუ არ ვცდები, არ ვესწრებოდი იმ სხდომას, მაგრამ მან გააკეთა ანგარიში თავისი გაწეული საქმიანობის თაობაზე. თუ რაიმე ასეთი იყო, მაშინ უნდა ეთქვა... ახლა, ნაწყენი კაცის პოზიციიდან ინტერვიუების გაკეთება, ჩვენ ერთი და ორი არ გვინახავს ასეთი,“ - განაცხადა რევაზ არველაძემ.
რევაზ არველაძის პოზიციას არ ეთანხმება რომან კაკულია. მისი განცხადებით, თემის უფრო მეტად „აგორდება“, თუ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში მოხსენებით წარდგენაზე უარს ეტყვიან.
„ამიტომ აქტი, რომ ვიმსჯელოთ, რა უნდა წინ. ახლა ნაწყენია თუ არანაწყენი კაცია, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ რომ ამაზე უარი ვთქვათ, მგონი, ამაზე უფრო მეტი თემის აგორება მოხდება. რაც სათქმელი აქვს, ისედაც იტყვის ტელევიზია არ დაუშლის და ინტერნეტი და მოვიდეს და თქვას,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი