19 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"ენას ძვალი არა აქვს" - მიხეილ გიორგაძე მწერლების პრეტენზიებს პასუხობს

"ენას ძვალი არა აქვს" - ასე უპასუხა მწერლების პრეტენზიებს  განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ. მიხეილ გიორგაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ორი სიპის გაერთიანება ქართული მწერლობის განვითარებას დაეხმარება და წაადგება.

მწერლების პრეტენზიებს, რომელიც მწერლების სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას ეხება, გიორგაძე არ ეთანხმება.

„ეს არის, სხვა არაფერი, თუ არა იმ რეჟიმში საუბარი, როდესაც ენას ძვალი არა აქვს. რა ვქნათ ახლა, მე უნდა ვიმართლო თავი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის შურისძიება, რომ ეს არ არის სამაგიეროს გადახდა? მეგობრებო, რა შურისძიებაზე, რა სამაგიეროს გადახდაზე ვსაუბრობთ, როდესაც იგივე ფრანკფურტი, რომელზეც პატივცემული მწერლები საუბრობენ, მთელი თავისი რესურსით, ფინანსური თუ ადამიანური რესურსით, იყო ჩართული არაერთი სახელმწიფო უწყება.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მწერლებს არ ახსენდებათ თავისი კულტურული კოლეგა აქტორები, რომლებიც ასევე ჩართულები იყვნენ ამ ღონისძიების მომზადებაში და უზარმაზარი ძალისხმევა გაწიეს მათთან ერთად, ვგულისხმობ იმ კულტურულ პროგრამას, რომელიც მომზადდა წარმოუდგენელი მასშტაბით და ინტენსიურობით, ხარისხით, ისევ და ისევ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში. ასე რომ, ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი მიდგომა," - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

მწერლები კი განათლების სამინისტროს ინიციატივას საბჭოთა მეთოდებით მწერლების დამორჩილებისა და გაკონტროლების მცდელობად აფასებენ. მათი თქმით, პროტესტს გააგრძელებენ. 

დღის ამბები