მწერლების პროტესტი გრძელდება - ავტორებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა განათლების სამინისტროს ახსნა-განმარტებები მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანების თაობაზე. გადაწყვეტილებას მწერალთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება.
დღეს ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
„მწერლები, მთარგმნელები, ავტორები, გამომცემლები მოვითხოვთ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს მწერალთა სახლს შეუნარჩუნდეს დამოუკიდებლობა და მიეცეს წარმატებული მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა,“-განაცხადა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ.
მწერალთა განცხადებით, ახალი ორგანიზაციის შექმნით და მისი ახალი ხელმძღვანელის მეშვეობით, შესაძლებელი გახდება გარკვეული კონტროლის დამყარება, რაც დაუშვებლად მიჩნიათ.
„სწორედ აი ამ დიდ პროცესს ემუქრება განადგურება პირდაპირი მნიშვნელობით. აი ამ "აპარატჩიკების" და ჩინოვნიკების მხრიდან. რადგან ლიტერატორები არიან თავისუფალი ადამიანები. ეს არა ერთხელ გამოხატეს მათ ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა საყდრისის თემა, ზვიად რატიანის თემა იქნებოდა თუ სხვა ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო და სოციალურად აქტუალური თემა და ეს არის მათი თვალით რომ შევხედოთ ის სივრცეები, რომლებიც მათგან თავისუფალია და რაღაც ნაირად უნდა მოიშთოს,“-განაცხადა პოეტმა რატი ამაღლობელმა.
მწერლები ამბობენ, რომ წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი ერთმანეთისგან ფუნქციურად აბსოლუტურად განსხვავდება და მისი გაერთიანება დაუშვებელია.
„რა არის ახლა ეს გაერთიანება? პროფილურად აბსოლუტურად განსხვავებულია წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. ასე მაშინ „სუხიშვილებიც“ ცეკვავენ და „ერისიონშიც“ ცეკვავენ და გავაერთიანოთ. და ასე თეატრია მარჯანიშვილის თეატრი და ოპერის თეატრი. ორივე ადგილას ადამიანი სცენაზე დგას. შეიძლება ძალიანაც უნდა. ასე შეიძლება მწერლები დავაქორწინოთ მწერლებზე. ჟურნალისტები ... და ბოლოს დიდი გაერთიანება მართლაც საბჭოური. ამ შემთხვევაში ჩვენ ერთის მხრივ ვხედავთ სრულ არაკომპეტენტურობას და არაპროფესიონალიზმს,“-განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.
მწერლები აცხადებენ იმასაც, რომ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გადაწყვეტილება საიდუმლოდ, დარგის ექსპერტებისგან დამოუკიდებლად მიიღო, რაც გარკვეული სახის ეჭვებს აჩენს.
„ძალიან მარტივი არის საქმე, როდესაც ორი უაღრესად წარმატებული ამ სფეროში ორგანიზაცია ვიღაცას, როდესაც უნდა აქ ჩაყოს ხელი და არიოს დარიოს. იქ ვიღაცა რაღაცას მიუერთებს. მე ვფიქრობ, რომ აქ ყოველგვარ ეჭვგარეშე არის რაღაცა ინტერესები რაც არ არის ლიტერატურასთან კავშირში,“-განაცხადა პოეტმა პაატა შამუგიამ.
მათივე თქმით, წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლის გაერთიანება საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს ქვეყანას.
„რატომ უნდა გაერთიანდეს. საბჭოთა კავშირმა დაგვანახა, რომ ცენტრალიზაცია არის ყოვლად გაუმართლებელი. რამ დაანგრია საბჭოთა კავშირი? ერთ-ერთი ეს იყო ცენტრალიზაცია. იქით მივისწრაფით ისევ? ხომ გავიარეთ, ხომ ვნახეთ რომ ამას მოაქვს მხოლოდ უბედურება ქვეყნისთვის. და უკან უკან მიდის ყველაფერი,“-განაცხადა მწერალმა როსტომ ჩხეიძე.
მწერლები განათლების მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.