საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვების დაწყებას ეხმაურებიან. საუბარია 200 ათას ხელმოწერაზე, რომელიც უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესის ცვლილებისთვის არის საჭირო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებისთვის ყოფილი ეკა ბესელიას ინიციატივა გაუგებარია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წინამორბედზე საუბრისას ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადო გამწესება არის მათი დამოუკიდებლობის გარანტია და კანონი მათი დამტკიცების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებში ჯდება.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებით, ერთხელ უკვე გადავდგით ნაბიჯი და ეს არის სწორი ნაბიჯი, რომ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსამართლე იყოს უფრო მეტად დამოუკიდებელი. ეს არის პრინციპი, რომელიც არის ცივილიზებული დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ, კონკრეტულ პირებს თუ აქვთ კონკრეტული ინიციატივის და ცვლილების განხორციელების სურვილი ეს უკვე მათი სურვილია,“-აცხადებს ოხანაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ის ბესელიას ინიციატივას არ იცნობს, თუმცა თვლის, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას კანონმდებლობა სათანადოდ არეგულირებს. უფრო მეტიც, თალაკვაძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის ისეთი სტანდარტია დამტკიცებული, რომელიც აქვს აშშ-ს კონგრესს.
„სასამართლოსთან დაკავშირებით მივიღეთ კანონი, მასში არის ასახული ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით მოხდება მოსამართლეთა შერჩევა შემდეგ მათი განხილვა პარლამენტში და დამტკიცება,“-განაცხადა თალაკვაძე.