ვაზიანის სამხედრო ბაზის შესახებ ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ეტაპისთვის, აეროდრომის მშენებლობის გეგმა არ არსებობს.
"ამჟამად, არ არსებობს ვაზიანში ამერიკული სამხედრო აეროდრომის მშენებლობის გეგმა. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან პარტნიორობით და მიიჩნევს, რომ იგი თავისი ფორმითა და შინაარსით ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას-" ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავებას არ ჩქარობს. ირკვევა, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზის გაფართოება უკვე 1 წელია ფერხდება.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამერიკის სამხედრო ბაზის თემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა პროცესს ხელოვნურად აფერხებს.
„ეჭვი მაქვს, რომ პოლიტიკურ დონეზე ხდება ამის შეფერხება, უფრო მაღლა, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, თორემ თავდაცვა შეპირდა ამერიკელებს ამის გაკეთებას და სამხედრო კუთხით, ეს კარგი გაკეთებადია და ჩემი აზრით, სამხედროებს ამის გაკეთების სურვილი აქვთ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პრობლემა პოლიტიკოსებშია, მაღალ დონეზე, სადაც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არიან და რუსეთთან რაღაც ვალდებულებები აქვთ აღებული“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.