მოსახლეობის დაშინება და მოსყიდვა - ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობა ამტკიცებს, რომ დღეს გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი მოგონილია.
საქმე ეხება „კურიერისთვის“ მიწოდებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან". ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ხოლო ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.
საკრებულოს უმრავლესობა ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია ამბობს, რომ ფარული ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს, რა თქმა უნდა არის აბსურდული. ზოგადად, "ქართულ ოცნებას" ეს სტილი და რამე მიახლოებული „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებებთან ნამდვილად არ გააჩნია. ერთადერთი ჩვენი პლუსი ეს გახლავთ, მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა. ის პროექტები, რომლებიც განვახორციელეთ, ის გეგმები, რომლითაც ჩვენი საარჩევნო კანდიდატი მოდის, პროგრამის სახით, ერთადერთი საარჩევნო კამპანია გახლავთ ჩვენი ეს - მშვიდობიანი. ხოლო თქვენ რაზეც მეუბნებით, მე მახსენებს 2012 წლამდე საარჩევნო მოვლენებს, რომლითაც ძალიან უხვი იყო ჩვენი ცხოვრება,“ - განაცხადა წოწერიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, კოსტა კაკავა კი „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მაშინაც როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში ეს ხალხი, "ნაციონალური მოძრაობა", პოლიტიკური გუნდი, ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, ძალადობენ მოქალაქეებზე, აშინებენ მოქალაქეებს და ეს ხაზი მათ გასდევთ. ამიტომაც ზუგდიდი მათ აუცილებლად ეტყვით უარს 19 მაისს და ზუგდიდში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ჩვენი კანდიდატი,“ - განაცხადა კაკავამ.