სკანდალურ ფარულ ჩანაწერს, რომელიც მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს ეხება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. ვიდეომასალაში, რომელიც „კურიერს“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს და როგორ მისცეს დავალებები, რომ მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩანაწერს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება, თუმცა რა რეაგირებაზეა საუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს არ დაუკონკრეტებიათ.
მათი თქმით, პარტიულ შეხვედრებზე ზეწოლისა და დაშინების შესახებ დავალებებს არავინ გასცემს.
„აუცილებლად დავინტერესდები პირადად მე და მმართველი გუნდი აუცილებლად დაინტერესდება იმით, რატომ ლაპარაკობს, თუ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი იმას, რაც მისთვის არავის დაუვალებია, პირიქით, რასაც ავალებენ, იმის საწინააღმდეგოს რატომ ლაპარაკობს. ამას ექნება თავისი მიზეზები. ყველა პარტიულ თათბირზე ამ ადამიანებს ავალებენ სრულიად საპირისპიროს, რომ მოგებული არჩევნები არ უნდა წააგოს მმართველმა გუნდმა ვიღაცების არასწორი ლაპარაკით, არასწორი მესიჯების გადაცემით კონკრეტულ ადამიანებზე. თუ ეს ადამიანი ლაპარაკობს საპირისპიროს, თუ ეს ადამიანი ლაპარაკობს პარტიულ თათბირებზე რასაც ისმენს იმის საპირისპიროს, ამას ექნება კონკრეტული მიზეზები და ამ კონკრეტულ მიზეზებს აუცილებლად გავარკვევთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ დაშინება და მუქარა "ქართულ ონცებას" არ ახასიათებს.
„გია დანელია ჩვენი მომხრეა თუ ჩვენი მოწინააღმდეგე, პრაქტიკულად, რას ამბობს, იმას დააკვირდით. ფული დაარიგეთ, დააშინეთ, ვინც არ დაშინდება, სახლში დასვით, ვინც სახლში არ დაჯდება და ფულს არ აიღებს, ის კიდევ საწამებლად წაიყვანეთ, გაიტაცეთ და იმ ჯურღმულებში ჩაიყვანეთ, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გათხარა ახლახან. ეს არის ის, რაც ამ ჩანაწერიდან მოვისმინეთ. მე მაღელვებს სერიოზულად, მკაცრად შევაფასებდი ასეთ განცხადებას, ზოგადად, იმიტომ, რომ თვითონ თემა არ არის ის, რომელიც ახასიათებს „ქართულ ოცნებას,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.