ნუ მოვახდენთ საკითხის მეტად დრამატიზებას - აცხადებენ საპარლამენტო უმრავლესობაში და ამბობენ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი პარლამენტში მათ არ დაუპატიჟებიათ.
მათი თქმით, გიორგი ქობულიამ მიწვევა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებისგან მიიღო და ეს ოფიციალური შეხვედრა არ არის.
მმართველი პარტიის დეპუტატები შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მათ საჭირო ინფორმაცია უკვე აქვთ.
„ჩვენ არ მოგვიწვევია ის, ჩვენ მოქმედ მინისტრებს ვიწვევთ ხოლმე და მათ ვესაუბრებით ნებისმიერ თემაზე რაც შეიძლება საინტერესო იყოს.
"უმრავლესობის ყოფილმა წევრებმა დაპატიჟეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ეს ოფიციალური შეხვედრა ვერ იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, პარლამენტის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ პირს დაელაპარაკოს.
"ჩვენ უმრავლესობაში თუ რაიმე კითხვები გვიჩნდება უმრავლესობაშივე ვსვამთ ამ კითხვებს. ასეთი ტიპის საჯარო შეხვედრები არ არის საჭირო, ის ინფორმაცია, რაც ალბათ სხვებს სჭირდებათ ჩვენ გვაქვს,“-აცხადებს ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ სამთავრობო გუნდმა გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ კონკრეტული განმარტებები უკვე გააკეთა, რაც სავსებით საკმარისია. ოხანაშვილის თქმით, პროცესის დრამატიზება არ უნდა მოხდეს, რადგან მინისტრების შეცვლაში უჩვეულო არაფერია.
„ეს არის ნორმალური პროცესი, შესაძლოა, კონკრეტული პირი ან დაინიშნოს მინისტრად ან განთავისუფლდეს, ეს არის პროცესი, რომელიც არის ჩვეულებრივი მოვლენა,“-ამბობს ოხანაშვილი.