შუალედურ არჩევნებამდე 4 დღით ადრე ზუგდიდში ვითარება ისევ დაძაბულია. ოპოზიცია საკრებულოს საგანგებო სხდომის დანიშვნას და ფარული ჩანაწერების მთავარი მონაწილის გია დანელიას საქმიანობის შესწავლას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ამ წუთებში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან იკრიბებიან, ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხიას გადადგომას ითხოვენ.
სანდრა რულოვსის შტაბის წევრები აცხადებენ, რომ მესხია არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და მან 19 მაისს არჩვენების მიმდინარეობას ზუგდიდში არ უნდა უხელმძღვანელოს.
ზუგდიდში საოლქო კომისიის სხდომა უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ სხდომაზე დასასწრებად ოპოზიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, ის ერთი საათით გადაიდო.
„გუშინ მთელი დღის მანძილზე დავდიოდით უბნებზე, რათა გადაგვემოწმებინა სად ჰქონდათ სამაგიდო სიები ვიდრე შევძლებდით მათ დაბრუნებას, ისევე როგორც ბეჭდების ანამ ამოვიღებდით მოქმედებიდან და გამოვაგზავნინებდით ცესკოს ახალ ბეჭდებს. აღმოჩნდა, რომ არანაირად დაცული არ იყო არც სიები და არც ბეჭდები, რომელზეც საუბრობდა მირანდა მესხი, ამიტომ მირანდა მესხმა უნდა დატოვოს თანამდებობა. თამარ ჟვანიამ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავა ამბობს, რომ კომისიის სხდომის გადადების მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ თამარ ჟვანიასთან და "ქართული ოცნების" შტაბის რეალურ უფროს, გიორგი გახარიასთან მირანდა მესხიასთან დაკავშირებული საკითხები ზუსტდება. ბოკუჩავა იმასაც ამბობს, რომ უბნებზე შს სამინსიტროს თანამშრომლები იარაღებით დგანან, რაც კანონდარღვევაა.
„ალბათ რეალურ შტაბის უფროსთან ეს არის გიორგი გახარია ხდება დეტალების შეთანხმება, რის გამოც გადაიდო სხდომა. ჩვენი გამოჩენის ძალიან ეშინიათ იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ უკვე აღვკვეთეთ მათი მთავარი გაყალბების სქემა,. დავაბრუნებინეთ სიები, გამოვაგზავნმინეთ ბეჭდები და როგორ ჩანს ჩვენი გამოჩენა მათთვის საფრთხის შემცველია,“-აცხადებს ბოკუჩავა.