ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მმართველი პარტიის კოორდინატორები მასწავლებლებსა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს აიძულებენ, არჩევნების დღეს ბიულეტენების მეორე მხარეს საკუთარი ინიციალები დაწერონ. მასწავლებლებზე ზეწოლის ახალი ტალღის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს მიაწოდეს.
ბაჩანა შენგელიას თქმით, მას დაკავშირდნენ სოფელ კორცხელიდან მასწავლებლები. ია კერზაიას შვილის განმარტებით, მათ განუცხადეს, რომ სოფლის გამგებელმა, მერაბ თორდიამ მათ მოსთხოვა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს უნდა დაწერონ "მე მიყვარს საქართველო." მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ რომელიმე პედაგოგს არ ენდობა, მათ ბიულეტენზე საკუთარი ინიციალები უნდა დაწერონ.
„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოფელ კორცხელში კორცხელის გამგებელს ჰქონდა შეხვედრა სკოლის პედაგოგებთან და ბაღის აღმზრდელებთან. მოუწოდა, რომ კვირას არჩევნებზე თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ბიულეტენზე უკანა მხარეს მიწერონ, რომ "მე მიყვარს საქართველო." განსაკუთრებით საეჭვო ადამიანში, რომელშიც ეჭვი ეპარებათ, უნდა მიაწერონ თავისი ინიციალები. ეს არ არის ერთადერთ სოფელი. არაერთ სოფელში სთხოვენ სურათის გადაღებას,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
კორცხელის მერი, რომელსაც მასწავლებლები ტერორში ადანაშაულებენ, „კურიერის“ კამერის გამოჩენისთანავე გაღიზიანდა და განსაკუთებით აგრესიული გახდა. მან ტერორის ფაქტი უარყო.
„თქვენი ტელევიზია დეზინფორმაციის გამავრცელებელია. გაბუნია რომ გამოვიდა და რომ ლაპარაკობდა, კორცხელში ყოველთვის მოვიგეთო, კორცხელში როდის მოიგეთ, ის მითხარით. არც ბაღის მასწავლებლებთან და არც პედაგოგებთან შეხვედრა არ მქონია. მაჩვენე ერთი მასწავლებელი, რომელიც იტყვის, ეს მას მე ვუთხარი. სანდრა რულოვსი არ იქნება ზუგდიდის მერი, იქნება ადგილობრივი, დაიმახსოვრეთ. თქვენ ხართ მიშა სააკაშვილის ჯიბის ჟურნალისტები“ - მიმართა მერაბ თორდიამ „კურიერის“ ჟურნალისტს.