„იპსოსის“ მიერ ჩატარებულ კვლევას „ქართული ოცნება“ უნდობლობას უცხადებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, კვლევა ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება.
მდინარაძე "რუსთავი2"- სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კვლევა "იპსოს"-ის არა ფრანგულმა არამედ რუსულ-უკრაინულმა ოფისმა ჩაატარა.
„იპსოს საფრანგეთს საერთოდ არ ჩაუტარებია ასეთი კვლევა, როგორც ეს გუშინ მოგვატყუეს, თუმცა ეს არ გაგვკვირვებია, ეს არის მათი ჩვეული სტილი, ეს გავიგეთ. ჩაატარა ეს კვლევა რუსულ-უკრაინულმა ოფისმა, ბალევა შულგინის ხელმძღვანელობით. ცოცხალი თავითაც არ იძახიან იმასაც, თუ ვინ ჩაატარა საქართველოში საველე სამუშაოები იმიტომ, რომ აქაც ძაღლის თავი იქნება დამარხული. რა თქმა უნდა და დიდი შანსია, რომ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი რომელიმე ორგანიზაციის მიერ ეს კვლევა ჩატარებული. სანდოა თუ არა ეს კვლევა, ამაზე ხვალ ერთად ვიმსჯელოთ დღის ბოლოს, როდესაც საარჩევნო შედეგები დაახლოებით უკვე ცნობილი იქნება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კომპანია „იპსოს“-მა კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 25% ასახელებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას,“ მეორე ადგილზეა გაერთიანებული ოპოზიცია 18%-ით. შემდეგია „ევროპული საქართველო“ - 7%. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ერთნაირი შედეგებით ინაწილებენ პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია - 3% აქვს ორივეს. 18% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემს ხმას. 17% არცერთი პარტიის მხარდაჭერას არ აპირებს. ხოლო 9% უარს აცხადებს პასუხზე.
გარდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კვლევისა, „იპსოსმა“ პოლიტიკოსების რეიტინგიც დაითვალა.
კითხვაზე რომელი პოლიტიკოსების მიმართ არის მოსახლეობაში ყველაზე პოზიტიური დამოკიდებულება, რესპოდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად ახასიათებს თბილისის მერს, კახი კალაძეს - 28%. მას მცირედი სხვაობით მოსდევს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - 26% და შემდეგია შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია - 25%.
“იპსოსის” მიერ კვლევისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1-დან 15 მაისის ჩათვლით 1540 ადამიანი გამოიკითხა. კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და კითხვების დეტალური ფორმულირება განთავსებულია რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე - ფაილის მოძიება შეგიძლიათ სპეციალური ბანერის და ბმულის საშუალებით.