შანტაჟი და მუქარა „ქართული ოცნების“ ზონდერებისგან - არჩევნებამდე 11 საათით ადრე დიდი სკანდალი ფეთქდება. სკანდალური ფარული ჩანაწერის ავტორი, ბაადურ რაფავა „კურიერთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მომხდარის დეტალებზე საუბრობს.
საქმე ეხება 14 მაისს „კურიერის“ ეთერში გასულ სკანდალურ ვიდეოჩანაწერს, სადაც ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მის თანასოფლელს უყვება, რომ პარტიიდან მიიღო დავალება, ამომრჩეველი დაატეროროს, დააშანტაჟოს და მოისყიდოს, ოღონდ არჩევნები მოიგოს.
ბაადურ რაფავა სკანდალური ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ზონდერებმა გაიტაცეს, ციხით ემუქრებოდნენ და აშანტაჟებდნენ.
ჩანაწერის ეთერში გაშვების შემდეგ რაფავას სახლში მიაკითხეს, წაიყვანეს და აიძულეს ინტერვიუს მიცემა, სადაც თქვა, რომ ჩანაწერი ყალბია და „ოცნება“ მართალს ამბობს. თუმცა ივანიშვილის პარტიაში ვერ გათვალეს, რომ მახეში აღმოჩნდნენ. რაფავამ ინტერვიუს მიცემით ძალადობა თავიდან აიცილა და ოთახიდან გამოსვლისთანავე ქვეყანა დატოვა.
„კურიერთან“ ბაადურ რაფავა ჰყვება, როგორ აშანტაჟებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ ციხით და როგორ აწიოკებდა მმართველი პარტია ზუგდიდის სოფლებს.
„ვთქვი, რომ ეს ფალსიფიცირებული იყო და კადრი რომ ვითომ დამონტაჟებული იყო და ეს ნაციონალებს ჰქონდა მითითება ამისთანა, გიამ რომ თქვა, ვითომ ნაციონალებმა მიიღეს ამისთანა გადაწყვეტილება. გია აბრალებდა, "ნაციონალებისგან" ჰქონდა ამისთანა ინფორმაცია,“ - ამბობს რაფავა „კურიერთან“.
მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერი ღამით გააკეთეს, ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი ქვეყანა დატოვა. ბაადურ რაფავას თქმით, მისი დაკავება იგეგმებოდა.
„მე დავტოვე ზუგდიდი იმ ღამეს და წამოვედი... თუ ამას არ ვიტყოდი, ალბათ, იცით სად ვიქნებოდი დღეს, აქ ვიქნებოდი დღეს - ციხეში,“- აცხადებს რაფავა.
რაფავა შეხვედრაზე მყოფების ვინაობას არ ასახელებს, არც იმას ადასტურებს, რომ ისინი სამართალდამცავები იყვნენ, თუმცა ამბობს, რომ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები შეხვდნენ მას და ვიდეო ჩააწერინეს.
მისივე თქმით, ამ ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, ის მეორე დღეს პროკურატურაში უნდა მისულიყო და მიეცა ჩვენება, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებული იყო.
„მეორე დღეს პროკურატურაში უნდა მივსულიყავი და ჩვენება უნდა მიმეცა, რომ არასწორი იყო ეს ინფორმაცია,“ - განაცხადა ბაადურ რაფავამ.
ბოლო სამი დღეა, ივანიშვილის პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ფარული ჩანაწერი, სადაც მათი თანაგუნდელი გია დანელია აღიარებს, როგორ მისცეს ცენტრალური ოფისიდან, ზუგდიდში ამომრჩევლის ტერორის და გატაცების ბრძანება, ყალბია.
მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები "მოვიდა ზევიდან".
ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.