19 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში - ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

სალომე ზურაბიშვილი მისი ინტერვიუს გამო, დღეს ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. საუბარია ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუზე, სადაც საქათველოს პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობებსა და მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის, ადა მარშანიას გაღიზიანება ინტერვიუს იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა უნდა გადადგას.

მარშანია ინტერესდება რა მოხდება მაშინ, თუ პუტინი ამას არ გააკეთებს. ადა მარშანია დიალოგის დაწყების მომხრეა.

„30 წელია მე პოლიტიკაში ვარ, ქართულ პოლიტიკაში. აფხაზეთის გამო ეს არ იყო ჩემი კაპრიზი, კოშმარი პროცესები იწყებოდა ჩემს საყვარელ სოხუმში და იმიტომ აღმოვჩნდი მე აფხაზეთში. 30 წელია მე ვუყურებ შიზოფრენიას. 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში. საუბრით ბრუნდება ტერიტორიები პირველ რიგში, დიალოგის დაწყებით ბრუნდება ტერიტორიები პირველ რიგში. როგორ შეგვიძლია სხვანაირად? გვაქვს ატომური ბომბი და ვესროლოთ რუსეთს? ქალბატონი სალომეს განცხადებას რაც შეეხება, ჩვენ უნდა ველოდოთ როდის გადადგამს პუტინი პირველ ნაბიჯს? და რომ არ გადადგას მერე რას შვრებით? ვტოვებთ უპატრონოს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიას?“-განაცხადა ადა მარშანიამ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გაუგებარი აღმოჩნდა რომან გოცირიძისთვის.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, მეორე ნაბიჯი, სიმართლე გითხრათ ამ განცხადების პოლიტიკური შინაარსი მე ვერ გავიგე, ამიტომ ცოტა ზედმეტია ამის კომენტირება. ბუნებრივია, რომ ნებისმიერი დიალოგი რუსეთთან უნდა დავიწყოთ ერთადერთი მოთხოვნით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან  მან გაიყვანოს ჯარი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი სალომე ზურაბიშვილის სხვა ინტერვიუებსაც იხსენებენ. გიორგი კანდელაკის თქმით, პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს.

„დიალოგისთვის პირველი ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას და ეს დიალოგი უნდა შეეხებოდეს დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილის  პრობლემა ის არის, რომ ის არაერთხელ გამოსულა სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი განცხადებებით, როცა თუნდაც რამდენიმე კვირის წინ მან თქვა, რომ არ უნდა განთავსდეს ამერიკის ბაზები საქართველოში. ეს კი არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რომც იდგეს საქართველოს პრეზიდენტი ასეთ რაღაცას რატომ უნდა ამბობდეს. ან როცა იგი თავს დაესხა ნატოს წვრთნებს საქართველოში. მრავალი განცხადება არსებობს მისი მხრიდან, რომელიც აზიანებს საქართველოს ინტერესებს,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები