19 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
„დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია "ქართულ ოცნებაში“ - ინტერვიუ სოსო გოგაშვილთან

„დღეს მე ვმოღვაწეობ პარტია ქართულ ოცნებაში“ - ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა შაბათის კურიერის შეკითხვას.

სოსო გოგაშვილმა შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მისი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ქართულ ოცნებაში ხელმძღვანელობს სამსახურს, რომელიც პარტიის თანამშრომლებს ამოწმებს.    

„სადამსჯელო დანაყოფი არ არის, რომელიც გამოავლენს და დასჯის ადამიანებს. ჩვეულებრივ, როგორც ყველა პარტიულ დანაყოფში, ასევე ჩვენთანაცაა. ეს სამსახური ჩემი იქ გადასვლის შემდეგ არ შექმნილა. სამსახური იქ არსებობდა და მე შევუერთდი ამ სამსახურს. გადავედი იქ, ფაქტობრივად, დავბრუნდი იქ, საიდანაც დავიწყე. ეს ორგანიზაცია არის ორგანიზაცია, სადაც მე დავიწყე პოლიტიკაში ფეხის ადგმა და შევედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, დამსახურებული პენსია, არავინ იცის, ხვალ სად იქნება გოგაშვილი. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, გუნდთან ერთად გუნდის შიგნით სად ვიქნები,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

გოგაშვილმა შაბათის კურიერთან ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდში მსჯელობდნენ, რომ პარტიული მიმართულებების გაძლიერება იყო საჭირო. სოსო გოგაშვილის განცხადებით, მისთვის არავის უთქვამს, რომ სუს-ი უნდა დაეტოვებინა. მისი შეფასებით, რაღაც ეტაპი მთავრდება და სხვა იწყება. ის უცნაურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რომელიმე პირი ძალოვან უწყებაში გადადის ან პირიქით იქიდან პარტიაში ინაცვლებს. 

"არის რაღაცის დასაწყისი და რაღაცის დასასრული. გუნდში იყო საუბარი იმაზე, რომ საჭირო იყო რაღა პერიოდში პარტიული მიმართულებების გაძლიერება. კადრები, რომლებიც პარტიიდან წამოვიდნენ, რომ დაბრუნდნენ პარტიაში. პარტიაში არანაირი ტურბულენტობა არ იყო. ვერაფერს ვერ ვხედავ უცნაურს იმაში, თუ ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით გადავლენ, არაძალოვან სტრუქტურაში გადავლენ ძალოვანში, ან პირიქით, პარტიაში დაბრუნდებიან. პოლიტიკური ბორტს მიღმა დატოვების რისკი, შიში შეიძლება, ჰქონდეს იმ ადამიანისგან, რომელიც არ არის გუნდის ერთგული. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, გადაწყვიტოს და საერთოდ გავიდეს საჯარო სამსახურიდან, პარტიული მუშაობიდან და სხვა საქმით დაკავდეს, რომელიც სახელმწიფო სამსახურთან ახლოს არ არის. ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს,“ - განაცხადა გოგაშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ თავად მიიღო.

სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არჩევნების დროს მის ფუნქციებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, საარჩევნოდ ფული მას არ ებარა. გოგაშვილმა ამ ინფორმაციას "ცილისწამება" უწოდა. მისი თქმით, პარტიაში შემოდის შემოწირულობები, რომელიც იხარჯება და დეკლარირება ხდება ღიად. მისი მტკიცებით, საარჩევნოდ შემოწირულობების გარდა, პარტიაში სხვა ფული არ ბრუნავს.  

„ბოლო არჩევნებზე ვაკეთებდი იმას, რასაც ვაკეთებდი ბოლოს წინა არჩევნებზე. პარტიული სტრუქტურა არის შექმნილი შიგნით, რომელიც არ მუშაობს მხოლოდ, დავუშვათ, საარჩევნო კამპანიის დროს, ის მუდმივად მუშაობს იქ და მუდმივად არის ეს სამსახური,“ - განაცხადა გოგაშვილმა. 

დღის ამბები