ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვა უკვე 11 დღეა გრძელდება. შეთანხმება "ჯორჯია მანგანეზის" წარმომადგენლებსა და მაღაროელებს შორის ვერ ხერხდება. მუშები შიმშილობას განაგრძობენ. მიუხედავად ამისა, ჭიათურაში ჩასვლის და მაღაროელებთან შეხვედრის აუცილებლობას ეკონომიკის მინისტრი ვერ ხედავს.
ნათია თურნავა თვლის, რომ მოლაპარაკებების რესურსი მხარეებს ჯერ არ ამოუწურავთ.
„ვადევნებთ თვალყურს, ვიცით, რომ კომპანიას აქვს გარკვეული შემოთავაზებები და მთავარია, რომ რაც შეიძლება მძლე ერთ მაგიდას მიუსხდეს ორივე მხარე და დაიწყოს მათ შორის კომუნიკაცია. კომუნიკაციას, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადგილზე ჩავალთ, მაგრამ ვთვლით და გვაქვს ინდიკაცია, რომ თვითონ კომპანია იაზრებს პრობლემას და თვითონ კომპანია ღირსეულ შეთავაზებას გაუკეთებს მეშახტეებს,“-ამბობს მინისტრი.
მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ კვლავ უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც მაღაროელებმა შეხვედრა დატოვეს და კომპანიის ჭიათურიდან წასვლას მოითხოვეს. თურნავა ფიქრობს, რომ კომპანია მაღაროელებს ღირსეულ წინადადებას შესთავაზებს.