დავით გარეჯში არსებულ ვითარებას, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეხმაურება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეს შორის განახლდა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელსაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვა მოჰყვა, პრეზიდენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ ბრალდებები სალომე ზურაბიშვილის მისამართით პოლიტიკური მიზეზებით არის განპირობებული.
კითხვას - იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტი იმ მოვლენებზე, რაც ახლა დავით გარეჯში ვითარდება და უკავშირებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მის საჯარო განცხადებებს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა თავი აარიდა. მისი თქმით, ცალსახაა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დადგენა აუცილებელია.
"მოსალოდნელი იყო ეს აქტივობებიც, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თუ სხვა მიზეზებითაა გამოწვეული, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო მოსალოდნელი, მაგრამ მეორეს მხრივ ცალსახაა და აუცილებელია, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს საზღვარი. ეს არის ურთულესი საკითხი, რომელიც გაყინული იყო წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო. ყოველთვის იყო შესაძლებელი ამ საკითხის წამოჭრა, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი არ შევიდა სხვა დროს იმ ინტერესებში, რომელსაც შეეძლო ამ საკითხის წამოწევა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დადგენილი საზღვარი,"-განაცხადა მოისწრაფიშვილმა.
20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა ძეგლის აღდგენის და აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის დადგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტიდან მალევე, აზერბაიჯანულმა მხარემ სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.