თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღეს პარლამენტში კენჭი უნდა ეყაროს. საკითხის განხილვა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო. კომისიის შექმნას ოპოზიცია რამდენიმე თვეა ითხოვს. მათი შეფასებით, თუ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მიიღო, ეს დაადასტურებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საქმის ობიექტურად გამოძიება. უმრავლესობა კი ამ ეტაპზე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
"საღი აზრის ფარგლებში ყველა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი კომისიის შექმნას, მათივე არგუმენტებს ეწინააღმდეგება ის პოზიცია, რომ საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა ხდება. ხალხნო, საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და მოდით თუ ვახა მაჩალიკაშვილს აბრალებთ იმას, რასაც აბრალებთ, ხომ გამოჩნდება, ერთხელ და სამუდამოდ ხომ გაირკვევა სიმართლე, მაგრამ არ უნდათ,"-აცხადებს ნიკა მელია.
"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ქვეყანაში მართლმსაჯულების არარსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება კომისიის შექმნას.
"ქართული ოცნება" ახლა წინ აღუდგება უკვე მაჩალიკაშვილის საქმეზე ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნას იქიდან გამომდინარე რომ ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი დასტური, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე დამატებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.
"მანამ, სანამ სამართალდამცავთა მხრიდან არ არის ამოწურული გამოძიების ეტაპი, რაიმე სახის დამატებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. რა კითხვებიც გვქონდა. ამ კითხვებზე ჩვენ მოვისმინეთ პასუხი სუს-ის ხელმძღვანელისგან,"-აცხადებს, დავით მათიკაშვილი.