მიხეილ სააკაშვილი, თითქმის, 2 წლიანი პაუზის შემდეგ კიევში ბორისპოლის აეროპორტის გავლით ჩავიდა. რეისი ვარშავა-კიევი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის სიმბოლური აღმოჩნდა. ორი წლის წინ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინიდან პეტრო პოროშენკოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სწორედ ამ რეისით გააძევეს.
სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა ზელინსკიმ მოქალაქეობა, გუშინ დაუბრუნა, დღეს კიევში უკრაინის საკონსულო სამსახურის გაცემული დროებითი მოწმობით დაბრუნდა.
ბორისპოლის აეროპორტში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დახვდნენ. პირველი, ვინც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი მიხეილ გორდონი იყო. გორდონი ერთ ერთია, ვინც პრეზიდენტ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების შუამდგომლობით მიმართა.
აეროპორტში სააკაშვილს წითელი ვარდით და უკრაინული პურით დახვდნენ. პირველი პოლიტიკური განცხადება სააკაშვილმა აეროპორტშივე გააკეთა. მისი თქმით, არ აპირებს არც ერთი თანამდებობის დაკავებას, უკრაინაში პოსტისთვის არ დაბრუნებულა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მხარდამჭერია.
მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ უკრაინაა წინ დიდი ცვლილებები ელოდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მზად არის, რჩევები მისცეს ახალარჩეული პრეზიდენტის გუნდს.
სააკაშვილის განცხადებით, ზელენკის გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია, რადგან ახალ პრეზიდენტს აქვს მთავარი - პატიოსნება და ასევე, შეუძლია გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს.
კიევში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. მისი განცხადებით, დღევანდელ დღეს მხოლოდ ჟურნალისტებს დაუთმობს და რამდენიმე სატელევიზიო არხის სტუმარი იქნება.
მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ უკრაინაში დემოკრატიულმა ძალებმა შეძლეს და დაამარცხეს ოლიგარქი პოროშენკო, მაშინ ეს შესაძლებელია საქართველოშიც და ბიძინა ივანიშვილსაც მსგავსი მომავალი ელის.