იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის უკან გამოწვევის საკითხს, დღეს დეპუტატებმა შესაძლოა, სესიაზე კენჭი უყარონ. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხილვა მანამდე ბიუროს სხდომაზე იგეგმება. საქმე ეხება ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძეს. მათ ოპოზიცია ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრებად მიიჩნევს.
„მათ თავიანთი უფლებამოსილება არაჯეროვნად შეასრულეს და მხარი დაუჭირეს იმ სამარცხვინო სიას, რომელიც გამოგზავნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.
ინიციატივას მხარს უჭერს "ნაციონალური მოძრაობა.” თინა ბოკუჩავას თქმით, მნიშვნელოვანია კლანს გარკვეული რაოდენობის საყრდენი წერტილები გამოაცალონ.
„დიდი ალბათობით, ეს ინიციატივა არ დაკმაყოფილდება, იმიტომ რომ ივანიშვილისთვის ახლა სწორედ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლოში არის ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილი რაც მას გააჩნია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას არ იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდი პროცესებს ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურ თამაშად აფასებს.
„ეს პოლიტიკური შეტევაა და იმ სასამართლოზეა შეტევა, რომელმაც მათი რეჟიმი მართლაც რომ გაასამართლა, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი დარჩა 2012 წლის შემდეგ,“-ამბობს გია ვოლსკი.