საქართველოს მთავრობა კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს, რომ მისი უწყების მიერ 2 მაისს გაცემული ნებართვის შესახებ დღეს, 28 დღიანი დაგვიანებით გაიგო.
არადა ეს რიგითი ბრძანება ან სამშენებლო ნებართვა არ არის, ეს არის საქართველოში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს.
ხმაური ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გუშინ ღამით დაიწყო, როდესაც ფოთის პორტის მფლობელმა განცხადება გაავრცელა, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას იწყებს. ამ განცხადებას მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის წევრთა უმწვავესი რეაქცია. მამუკა ხაზარაძის ბიზნესჯგუფმა პირდაპირ თქვა, ხელისუფლების თამაში მისთვის შოკისმომგვრელი იყო. დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა განმარტება გააკეთა. ნათია თურნავა ამბობს, რომ ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი, გრიგოლ კაკაურიძე გათავისუფლებული.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მთავრობის მოქმედ წევრთან და არც ჩემთან პირადად.
"გარდა ამისა, როგორც გაირკვა იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი, აქედან გამომდინარე დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი და სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან.
„გვაქვს დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ ნუ ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს დაკონცეტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე,“-აცხადებს თურნავა.