„ჩემთვის ცოტა უცნაურია, მათ შორის, გენერალური პროკურორის სახელის და გვარის ნახვა ამ სიაში,“ - ეს განცხადება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა, გააკეთა.
სოფო ვერძეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ სიას ეხმაურება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველად 144 კანდიდატია დარეგისტრირებული.
სოფო ვერძეულისთვის მოულოდნელობა იყო გენერალური პროკურორის სახელის და გვარის სიაში ნახვა.
„საკმაოდ თვალშისაცემი იყო მოქმედი თანამდებობის პირების სიაში აღმოჩენა და მოულოდნელიც. ჩემთვის ცოტა უცნაურია, მათ შორის, გენერალური პროკურორის სახელის და გვარის ნახვა ამ სიაში და უცნაური განაცხადიც არის მისი მხრიდან, ერთი წლის თავზე გენპროკურორად დანიშვნის. უცნაურია, რას ნიშნავს მიის მხრიდან ეს ნაბიჯი და ნიშნავს თუ არა იმას, რომ ერთი წლის თავზე მან აღმოაჩინა, რომ შეიძლება, მოსამართლეობა უფრო საინტერესო და მიმზიდველი იყოს მისთვის, ვიდრე პროკურორობა,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.
ამას გარდა, ვერძეული ელოდა, რომ დღეს გამოქვეყნებულ სიაში არ იქნებოდა ჩინჩალაძის გვარი.
„მოსალოდნელი იყო ის, რომ სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის ლიდერები, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძე ამ სიაში არ არის, თუმცა, ასევე სავარაუდო იყო, რომ ამ გავლენიანი ჯგუფის წევრები სიაში იქნებოდნენ და ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ცნობილი სახელი და გვარი არის სიაში წარმოდგენილი, მათ შორის, რვავე კანდიდატი, რომელიც პირველად, 10-კაციან სიაში იყო,“ - განაცხადა ვერძეულმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სია ცნობილია. სიაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს გაასაჯაროვა, 144 კანდიდატია დასახელებული. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები - თამარ ალანია, ნანა აფციაური, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მაკა გველესიანი, მირანდა ერემაძე, მოქმედი პროკურორი შალვა თადუმაძე, გიორგი მიქაუტაძე, ლალი ფაფიაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე.